ტაოს ონომასტიკა ოსმალურ წყაროებში 5

Main Article Content

მამია ფაღავა
ზაზა შაშიკაძე

ანოტაცია

,,ტაოს ონომასტიკა ოსმალურ წყაროებში - 5“ არის დასასრული ჩვენი ვრცელი ნარკვევისა ოსმალურ დავთრებში დაცული ტაოს ონომასტიკის (უფრო მეტად ტოპონიმიკისა და მამაკაცის სახელებისა და ,,გვარების“) შესახებ. ,,დავთრები“ შედგენილია 1595 და 1835 წლებში. 1835 წლის  ,,დავთარში“ სხვასთან ერთად აღწერილია ერსისის მოსახლეობა. ჩანს, რომ XIX საუკუნის 30-იანი წლებისათვის ერსისის მოსახლეობის უმეტესობას მიღებული აქვს ,,ოღლი“ დაბოლოებიანი ,,გვარი“.  შენიშნულია, რომ ,,ოღლით“ ნაწარმოები გვარები უმთავრესად ჩანს ჭოროხის ქვეყნებში (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ნაწილობრივ - სპერი) და ლაზეთში. რაც გვაფიქრებინებს, რომ ,,ოღლით“ გვარის წარმოება თურქულ ონომასტიკაში ქართული ,,შვილი“ და ,,ძე“ კომპონენტიანი გვარების ანალოგიითაა შექმნილი. ,,დავთრის“ შემდგენლებს პიროვნება ჩაუწერიათ ორწევრა (სახელი - გვარი) და სამწევრა აღნიშვნით (,,გვარი“ - სახელი - მამის სახელი). აღვნიშნავთ, რომ ასეთ ,,გვარებში“  ,,ოღლი“ უმეტესად დაერთვის ოჯახის უფროსი მამაკაცის სახელს და აწამოებს გვარს, თუმცა ეს არაა გვარი ტრადიციული გაგებით, სახლის სახელია, ტაოელის გაგებით ,,ქოხის სახელი“. ,,ოღლი“ ,,გვარებს“ აწარმოებს ხელობის სახელებისაგან (მაგ. ქეფჩეჯიოღლი ალი), წარმომავლობის სახელებისაგან (მაგ. ისპირლიოღლი მუსტაფა ძე ჰასანისა)... ზოგჯერ შენარჩუნებულია წარმომავლობის ქართული სახელი (მაგ. ოლთისელი თასაფი, ღარიბოღლი მუსტაფა ძე აბდურაჰმანისა). ეს უკანასკნელი დასტურია, რომ ერსისის მოსახლეობაში ჯერაც ცოცხალია ქართულის ხსოვნა. საინტერესო ინფორმაციის შემცველია ,,არტანუჯის ლივის ვრცელი დავთარი“ (1595 წელი), რომელშიც ვხვდებით ძველი ასპიშენის, ახლა ქინალიჩამის მოსახლეობის აღწერას. ჩანს, რომ მე-16 საუკუნის ბოლოსათვის სოფლის მოსახლეობა უმეტესად ქართულია, აქ თუმცა ნაკლებად, მაგრამ მაინც, სხვა ერის (უფრო სომხების) წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. დავთრის მონაცემებით, ასპიშენი ქართული სოფელია. 1835 წლის აღწერით კი ასპიშენი მუსულმანი ქართველებითაა დასახლებული, იგივე ითქმის ოთხთა ეკლესიაზე, ნიხახზე და მიმდებარე სხვა სოფლებზე. ოსმალური ,,დავთრები“ ძვირფასი წყაროა ქართული ონომასტიკისა და ჭოროხის აუზზის მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობის შესასწავლად.

საკვანძო სიტყვები:
,,დავთარი“, ონომასტიკა, ანთროპონიმი, ,გვარი“, მოსახლეობა, ტოპონიმი, კალენდრის სახელი
გამოქვეყნებული: ნოე 27, 2025

Article Details

სექცია
სამეცნიერო სტატია