-ეთ სუფიქსი მაჭახლის ტოპონიმიაში და მაჭახლური სოფლის სტრუქტურის ერთი საკითხი
Main Article Content
ანოტაცია
გამოკვლევა ეძღვნება -ეთ (და ზოგადად თ’ს შემცველი სუფიქსებით) სუფიქსით ნაწარმოები გეოგრაფიული სახელების ფორმობრივ და სემანტიკურ ანალიზს. სტატიაში გაანალიზებულია ავტორის მიერ ველზე შეკრებილი ონომასტიკური მასალა, კვლევაში გათვალისწინებულია სხვა მკვლევრების მიერ შეკრებილი ტოპონიმებიც, შესადარებლად მოხმობილია გეოგრაფიული სახელები შავშეთიდან, კლარჯეთიდან, ტაოდან, სპერიდან. უახლესი კვლევებით დადგენილია, რომ -ეთ გეოგრაფიულ სახელებში ა. სატომო სახელზე დართვით აწარმოებს ქვეყნის სახელს: სვანი – სვანეთი, თუში – თუშეთი, კახი – კახეთი, კოლხი – კოლხეთი, სპარსი – სპარსეთი... ბ. დაერთვის კონკრეტული სახლის სახელს და აწარმოებს მისი კუთვნილი მიწის სახელს სოფელში (ქოქოლა – ქოქოლეთი, კახი – კახიეთი, გორგოშა – გორგოშეთი>გოროშეთი...)... ასეთ მიწებზე სახლობენ ერთი ოჯახის, ერთი პატრიარქალური სახლის წარმომადგენლები და ქმნიან სოფლის უბანს, ზოგჯერ – სოფელსაც კი. სხვაგვარად, -ეთ ოჯახის კუთვნილი მიწის სახელს აწარმოებს. ასეა მაჭახელში, ანალოგიური ვითარება გვაქვს მთელს ჭოროხის ხეობაში (და არა მარტო). ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებაც, რომ -ეთ აწარმოებს ,,მამაკაცის გვარებს“, რაც ხსენებული სუფიქსის ფუნქციის არასწორი გაგებაა. ჩანს, მაჭახლურ სოფელშიც, ჭოროხის სხვა ქვეყნების მსგავსად, პატრიარქალური ოჯახის განაყოფები ერთად ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ სოფლის უბანს, რითაც განისაზღვრება კიდეც მაჭახლური სოფლის დასახლების სტრუქტურა.