ზოგიერთი სტატიკური ზმნისთვის ძველ ქართულში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიკურობის საკითხს ქართულში არაერთი მეცნიერი შეხებია. ჯერ კიდევ უძველეს ენათმეცნიერულ ნაშრომებშია ცდა სტატიკურობის ბუნების გარკვევისა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არის რიგი საკითხებისა, რომლებზეც მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, ამიტომ სტატიკურ ზმნებზე დაკვირვება, მათი შედგენილობის, ფუნქციის კვლევა დღესაც აქტუალურია. სტატიკურობის ცნება ორი მნიშვნელობით გაიგება: პირველი - სტატიკა გამოხატავს უძრავ, გაქვავებულ მდგომარეობას, მეორე შეხედულების თანახმად კი, სტატიკა გამოხატავს არა ყოველგვარ მდგომარეობას, არამედ ეს არის ვნებითი გვარის ფორმა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს გარდაუვალობას. სტატიკურ ზმნას არაერთი თავისებურება ახასიათებს, მაგალითად დრო-კილოთა წარმოება როგორც ძველ, ისევე მისი განვითარების შემდგომ პერიოდშიც ნაკლული აქვთ, ყველა სტატიკური ზმნა მწკრივნაკლია, ძველ ქართულში სტატიკური ზმნები არ დაირთავენ მეშველ ზმნებს. ფუძის შედგენილობის მიხედვით სტატიკური ზმნები არის როგორც მარტივფუძიანი, ასევე -ი, -ი-ე,-ავ, -ან, -ობ, -ოვ... სუფიქსებ დართული, რომელთაგან უმეტესობა საზიაროა დინამიკურ ზმნებთან. ნაშრომში არის მცდელობა, ძველი ქართული ენის ტექსტებში მოძიებულ ფორმებზე დაკვირვებით გამოვარკვიოთ სტატიკური ზმნების გენეზისი, შედგენილობა, ფუნქცია, გამოხატვის საშუალებანი, სტატიკის განვითარების საერთო ტენდენციები და წარმოვადგინოთ ძველ ქართულში არსებული ვითარების ზოგადი სურათი.